ჩვენი ბიზნესეთიკა

პერსონალურ მონაცემთა და კონფიდენციალობის დაცვა

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პერსონალური მონაცემები იყოს დაცული, ხოლო მათი შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდებოდეს კანონის შესაბამისად. ასეთივე სიფრთხილით ვეკიდებით პირად კონფიდენციალურ ინფორმაციას.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

მუშაობის პროცესში ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თანამშრომლების, ბიზნესპარტნიორების და სხვათა პერსონალურ მონაცემებს. ვიღებთ ვალდებულებას, ასეთი ინფორმაცია დავამუშაოთ სათანადო სიფრთხილითა და კონფიდენციალობის დაცვით და ვიმუშაოთ მხოლოდ იმ მონაცემებზე, რომლებიც აუცილებელია JTI-ის ეფექტური მუშაობისთვის.

ამას გარდა, ვამუშავებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც კომპანიას უკავშირდება, რაზეც არანაკლები ყურადღება და სიფრთხილე მოგვეთხოვება.

პერსონალურ მონაცემთა ან კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონოდ ან უნებართვოდ გაცხადება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი რეპუტაციისთვის და უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ბიზნესზე.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვარ ყურადღებით და ვიყენებ მათ კანონიერად.

განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ, როდესაც ვაპირებ პირადი ინფორმაციის გაზიარებას. ამას ვაკეთებ მხოლოდ მაშინ, თუ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს საქმეს სჭირდება. თუ არ ვარ დარწმუნებული, დახმარებისთვის მივმართავ ადგილობრივ ან რეგიონულ იურისტს.

კონფიდენციალური ინფორმაციის და პერსონალური მონაცემების შესანახად და გასაზიარებლად ვიყენებ მხოლოდ კომპანიის უსაფრთხო IT რესურსებს. ჩემთვის მონდობილ ტექნიკას და დოკუმენტაციას უსაფრთხოდ ვინახავ. JTI-ის IT სისტემებთან, ვებგვერდებთან და სხვა რესურსებთან წვდომისთვის ვიყენებ რთულ და უსაფრთხო პაროლებს.

განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენ, როდესაც JTI-ის ოფისის გარეთ მიწევს მუშაობა. ყურადღებით ვარ, რომ უცხო პირებმა არ მოკრან თვალი ან ყური პაროლებს ან სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ მივიღე კონფიდენციალური ინფორმაცია და არ ვარ დარწმუნებული მისი წარმოშობის ან დანიშნულების შესახებ, აუცილებლად შევატყობინებ მენეჯერს. არასოდეს ვპასუხობ საეჭვო შეტყობინებას, რომელიც მთხოვს კონფიდენციალურ ინფორმაციას და არ ვხსნი საეჭვო ბმულებს ან მიმაგრებულ ფაილებს.

კონფიდენციალურობის დარღვევის ან ინფორმაციის არამართლზომიერად გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ვატყობინებ ადგილობრივ ან რეგიონულ იურისტს ან კომპლაენსისა და საინფორმაციო უსაფრთხოების გუნდების წევრს.

რა ინფორმაციას ეხება ეს?

პერსონალურ მონაცემად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ინდივიდთან, მაგალითად, სახელი, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები, საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის, ოჯახის, ფინანსების ან სამუშაოს შესახებ.
კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ოპერაციებთან, პროდუქტებთან, ბიზნესგეგმებთან, ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლოა ზიანი მიადგეს JTI-ის ბიზნესს ან რეპუტაციას.

გაიგეთ მეტი