ჩვენი ბიზნესეთიკა

კომპანიის აქტივების დაცვა

კომპანიის აქტივები გვეხმარება ბიზნესის მიზნების მიღწევაში. ჩვენ პასუხისმგებლობით და პატივისცემით ვეპყრობით როგორც კომპანიის, ასევე სხვის კუთვნილ აქტივებს და უზრუნველვყოფთ მათ სწორად შესყიდვას, დაცვას და განკარგვას.

რას ნიშნავს ეს JTI-ისთვის?

კომპანიის აქტივები მოიცავს მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობას, IT მოწყობილობებს, პროდუქციასა და საწარმოო მასალებს, ინტელექტუალურ საკუთრებას (‘IP’) და კომპანიის მონაცემებს.

კომპანიის აქტივების არამართლზომიერად გამოყენებამ, ხელმიუწვდომელობამ ან გაუმართაობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენს ბიზნესს და გამოიწვიოს ფინანსური ზარალი და რეპუტაციის შელახვა.

ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება განსაკუთრებულად ღირებულია, რამდენადაც ის გვეხმარება შევინარჩუნოთ კონკურენტული უპირატესობა და მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების დიფერენცირება. ყველა გამოგონება, იდეა და კონცეფცია, რომელსაც თანამშრომელი JTI-ისთვის შეიმუშავებს კომპანიაში მუშაობისას, ეკუთვნის კომპანიას. დაუშვებელია ამ ინფორმაციის, როგორც პირადი საკუთრების, გაყიდვა.

რას ნიშნავს ეს ჩემთვის, როგორც თანამშრომლისთვის?

მე ვალდებული ვარ დავიცვა ჩემთვის მონდობილი კომპანიის აქტივები ქურდობისგან, არამართლზომიერი გამოყენებისა და გაფლანგვისგან.

მე ვიყენებ კომპანიის აქტივებს JTI-ის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად და არ ვიყენებ მათ პირადი სარგებლობისთვის. წინასწარი ნებართვის გარეშე არ გავუზიარებ მესამე პირებს კომპანიის აქტივებს, მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებას. არასოდეს მოვიპოვებ ან გამოვიყენებ მესამე პირის აქტივებს ან ინტელექტუალურ საკუთრებას სათანადო ლიცენზიისა თუ ნებართვის გარეშე.

ყოველთვის, როცა დავაპირებ ხელშეკრულების გაფორმებას კომპანიის ციფრული მონაცემების ჰოსტინგის ან ტექნიკურ მომსახურებაზე, ჩავრთავ IT გუნდს, რათა მათ უზრუნველყონ მონაცემების დაცვა.

მე მესმის, რამდენად ფასეული და გასაფრთხილებელია JTI-ის ციფრული მონაცემები და ვიცავ ინტერნეტუსაფრთხოების წესებს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილო ინფორმაციის ქურდობა თუ დაკარგვა.

თუ IT რესურსის გამოყენებისას პრობლემა შემექმნება, დახმარებას ვთხოვ GSD-ს (Global Service Desk). იმ შემთხვევაში, თუ შეცდომით რამეს გავაფუჭებ, დაუყოვნებლივ გავაცხადებ ამის შესახებ.

დაიმახსოვრეთ ინტერნეტუსაფრთხოების მთავარი პრინციპები:

  • ვიცავ ჩემს ონლაინ საკუთრებას
  • წინასწარ ვფიქრობ, სანამ რამეზე დავაწკაპუნებ
  • ინფორმაციას ვაზიარებ უსაფრთხოდ
  • შეკითხვის შემთხვევაში მივმართავ ექსპერტს, IT გუნდს, GSD-ს ან ვწერ მეილს მისამართზე information.security@JTI.com

გაიგეთ მეტი